ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 19 ივლისი, 2022
გაზიარება

ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო უმაღლეს საფეხურზეა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ისევ ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე - პირველ კალათაში.

შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო მსოფლიოში იმ საუკეთესო 30 სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.

ამ მონაცემით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს (ბულგარეთი, ხორვატია, დანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი) და წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც პირველ კალათაში იკავებს ადგილს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებს და, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განაგრძობს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული:

  • იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგზე გაწეული ძალისხმევა;
  • ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები;
  • დანაშაულის მსხვერპლთა გამოვლენა/იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული მექანიზმების ეფექტიანი მოქმედება;
  • პანდემიის მიუხედავად, მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის ღონისძიებებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა.

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის თანახმადაც ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლს უფლება აქვს, მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია მიუხედავად მისი დაზარალებულის პროცესუალური სტატუსის არსებობა-არარსებობისა.

დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც შრომითი ექსპლუატაციის, იძულებითი შრომისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი.

საქართველოს მოწინავე პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.