ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2026
გაზიარება

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების გაუმჯობესებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, საქართველოში საჯარო სერვისების ეფექტიანობასა და მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებულ მომსახურებაზე.

„ჩვენ ვეყრდნობით ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს. ელექტრონული სერვისებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე საქართველო აქტიურად აერთიანებს ციფრულ ინოვაციებს საჯარო ადმინისტრირების სისტემაში – სწორედ ჩვენი 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ქმნის მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ ჩარჩოს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრმა თბილისში დაგეგმილი გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „საქართველო, გაეროსთან პარტნიორობით, 23-25 ივნისს მასპინძლობს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს თემაზე: „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ჩართულობის და ინკლუზიურობის განვითარება“. დარწმუნებულნი ვართ, რომ თბილისი უზრუნველყოფს აქტიურ პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობითი აზროვნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ცვლილებების დაჩქარებას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სესია ნიუ-იორკში 13-17 აპრილს იმართება. CEPA გაერო-ს საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც სწავლობს და იძლევა რეკომენდაციებს მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების სტრუქტურების გასაუმჯობესებლად.

ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.