ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2023
გაზიარება

გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის №945 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება. კანდიდატი საქმიანობის ფარგლებში იმოქმედებს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/82704?active=1

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 19 დეკემბრამდე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი არის გაეროს სისტემაში მოქმედი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს. ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატის ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებაზე ზედამხედველობას და ქალთა უფლებების დაცვასა და განმტკიცებაზე მუშაობას.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

პაატა სალიამ შეხვედრისას ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაყოფიერ და მრავალწლიან თანამშრომლობაზე, რისი დასტურიც ერთობლივი პროექტები და განხორციელებული რეფორმებია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UN Sustainable Development Cooperation Framework) ფარგლებში, 2026-2030 წლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კონკრეტული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს როგორც მმართველი კომიტეტის, ისე შედეგებზე ორიენტირებული სამივე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

პაატა სალიამ უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და თანამედროვე, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით სამინისტრო მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა

პაატა სალიამ მუსტაფა თურქერ არისთან განიხილა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალი მიმართულებების განვითარება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას.

პაატა სალიამ გამოხატა მზაობა, გამართოს შეხვედრა თურქ კოლეგასთან დარგობრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებისა და მექანიზმების შემუშავების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.