ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 08 დეკემბერი, 2022
გაზიარება

ნარკოპრევენციის ევროპული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

სახელმძღვანელოში დეტალურად არის განხილული ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები; სხვადასხვა გარემოში მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციული ინტერვენციების პროგრამები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მაღალი სანდოობის პრევენციული პროგრამების შემუშავება ეროვნულ დონეზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია გადაწყვეტილების მიმღები, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი და პოლიტიკის გამტარებელი პირებისათვის.

სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულებისათვის, ასევე, 2021-2026 წლების ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის ეროვნული სტრატეგიისა და მისი თანმდევი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის სწრაფი და თანმიმდევრული განხორციელებისათვის.

დოკუმენტი შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოსა და ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის კოორდინაციით, ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრისა (EMCDDA) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EMCDDA4GE-ს (EMCDDA for Georgia) მხარდაჭერით.

სახელმძღანელოს თარგმნისა და ადაპტირების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ „ტომაშ ზაბრანსკის სახელობის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციისა და ადიქტოლოგიის დარგის ექსპერტები.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.