ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტამბოლის გლობალურ ფორუმზე სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პაატა სალიამ სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივით ტარდება. იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიების მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მართლმსაჯულების სფეროში, სადაც ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გამჭვირვალობასა და სამართლის უზენაესობასთან.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა, რაც მათთვის უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საჯარო სერვისების მოდერნიზების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია იუსტიციის სახლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს 600-მდე საჯარო და კერძო სერვისს; ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი – MY.GOV.GE; „გონიერი კონტრაქტი“ – უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და საკუთრების რეგისტრაციის დისტანციურად განხორციელებისათვის და „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულთათვის განათლების სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ჩნდება:

„2024 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ. საქართველო გააგრძელებს ციფრული მმართველობის განვითარებას და სამართლის სფეროში ახალი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან გამოყენებას მოქალაქეთა საჭიროებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

გლობალურ სამიტში OECD-ის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა. წარმოდგენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ მხარდაჭერით დაიდგა.

პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, ასევე, რეკვიზიტები თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში 12 მსჯავრდებული და 6 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად ჯვრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ხელმოწერით სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომისიის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან საქართველოს ეროვნული ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტები და მიდგომები განიხილა.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა 4-სვეტოვან სტრატეგიას ეფუძნება და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანისა და მიწოდების შემცირება.

მინისტრმა ECECACD-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, რომლებითაც საბჭო ხელმძღვანელობს. საუბარი ასევე, შეეხო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საქმიანობას და მის როლს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC); ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი (Pompidou Group) და ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო (EUDA).

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილი.