ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 26 ივნისი, 2024
გაზიარება

ქართული ინოვაცია "ციფრული უნივერსიტეტი" პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია

ციფრული უნივერსიტეტი" ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი.

ევროპის საუკეთესო ინოვაცია Europris-ის ყოველწლიურ მე-13 შეხვედრაზე გამოვლინდა, რომელიც მიმდინარე წლის 26 ივნისს ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა. ღონისძიებას Europris-ის წევრი ქვეყნების პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ასანიძე.

"ციფრული უნივერსიტეტის" წარმატება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პენიტენციური სისტემის კიდევ ერთი აღიარებაა – სფერო, სადაც საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებით 2012 წლამდე ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა, დღეს ევროპის მასშტაბით სამაგალითოა.

„ციფრული უნივერსიტეტი“ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2022 წლიდან ამოქმედდა. პროექტი უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას მსჯავრდებულთათვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

Europris-ის შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების საკითხები. ღონისძიება მიმდინარე წლის 11-13 სექტემბერს ქ. თბილისში გაიმართება, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის EPTA-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.