ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 11 ივლისი, 2022
გაზიარება

საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და პაველ ბლაჟეკის შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციებიც მონაწილეობენ. მინისტერიალი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს. ღონისძიებაზე რატი ბრეგაძე ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქართველოს მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ სიტყვით გამოვა.


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩეხ კოლეგას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს. ამ მიზნით რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა ორ ქვეყანას შორის ექსპერტების გაცვლის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს, მათ შორის, ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული სერვისები; ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და თანამშრომლების გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.


ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი.


დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები გერმანიისა და საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.