ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2023
გაზიარება

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და ბენცე ტუჟონის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები განიხილეს. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გაუწიოს ექსპერტული დახმარება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში. შეხვედრაზე იმსჯელეს, აგრეთვე, ქართულ-უნგრული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების შესახებ.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მიწის რეგისტრაციის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიურად 2021 წლიდან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განახლების შემდგომ ვითარდება. 2023 წლის ივლისში ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, 1 თვის წინ კი, იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის 2024-2025 წლების სამუშაო გეგმა გაფორმდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

პაატა სალიამ შეხვედრისას ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაყოფიერ და მრავალწლიან თანამშრომლობაზე, რისი დასტურიც ერთობლივი პროექტები და განხორციელებული რეფორმებია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UN Sustainable Development Cooperation Framework) ფარგლებში, 2026-2030 წლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კონკრეტული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს როგორც მმართველი კომიტეტის, ისე შედეგებზე ორიენტირებული სამივე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

პაატა სალიამ უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და თანამედროვე, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით სამინისტრო მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა

პაატა სალიამ მუსტაფა თურქერ არისთან განიხილა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალი მიმართულებების განვითარება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას.

პაატა სალიამ გამოხატა მზაობა, გამართოს შეხვედრა თურქ კოლეგასთან დარგობრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებისა და მექანიზმების შემუშავების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.