ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო 2025 წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 8 პროექტს დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.

გრანტის მიმღებ პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ნიკო თათულაშვილი და სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამარჯვებული პროექტების მრავალფეროვნებასა და აქტუალობას.

საგრანტო კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება, სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

იუსტიციის სამინისტრომ მორიგი საგრანტო პროგრამა 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები იყო ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 30 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 8 საუკეთესო შეირჩა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარით დააფინანსა. სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ციფრულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის კიბერსივრცის მართვის მინისტრს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის (Digital ID) პროექტებს.

იუსტიციის მინისტრმა ჩინელი კოლეგა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მიმდინარე წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება და 500-მდე მაღალი დონის სტუმარსა და დარგის ექსპერტს უმასპინძლებს.

საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ საჯარო მომსახურებების რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით მიაღწია. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდოზე სამ ინოვაციურ პროექტს წარადგენს: იუსტიციის სახლებს, ProbBox-ს და Re-Market-ს. პაატა სალიას განცხადებით, ამ ინოვაციების მიზანი მოქალაქეებისთვის ინკლუზიური და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას საჯარო მმართველობის რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.