ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 11 თებერვალი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა


იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ინტენსიური თანამშრომლობით და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 19-3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბ.მ. და თ.მ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს №15 პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში თ.მ.-ის მიერ მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით შპს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გაგზავნილი ამანათი შევიდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამანათის შემოწმება-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ მასში განთავსებული სპორტული შარვლის ზონარი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინით“ იყო გაჟღენთილი.

რაც შეეხება ბ.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ მან №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით შპს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გაგზავნილ ამანათში განათავსა ქურთუკი, რომლის სარჩულშიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ გაჟღენთილი ორი მოთეთრო ფერის ჩაკერებული ქსოვილი აღმოაჩინეს.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრად დაიცავს კანონს და განაგრძობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულთან ბრძოლას.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.