ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 07 სექტემბერი, 2022
გაზიარება

საქართველო გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატასთან სანოტარო სამართლის განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებში ითანამშრომლებს

რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტ იენს ბორმანთან შეხვედრისას ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს სანოტარო სამართლის წარმოებაში აქვს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დისტანციურად მიიღონ ყველა სერვისი. მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ საქართველოში ნოტარიუსთა სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 რაიონშია ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს.

სანოტარო სამართლის წარმოება, ელექტრონული სამართლებრივი გარიგებების მომზადების ტექნიკა, დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების საშუალებები, ერთობლივი პროფესიული სასწავლო მოდულების განხორციელება - ეს ის საკითხებია, რომელიც მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს. რატი ბრეგაძემ იენს ბორმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან.

შეხვედრას მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები, ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალიამ მთავრობის წევრებთან ერთად სამების ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

პაატა სალიამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო პირი და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა „TikTok“-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის – 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს.

ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნის განცხადებები არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას. სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი პრინციპი: გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას.

გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან, რათა მათ საკუთარი მოვალეობები ღირსების შემლახველი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში შეასრულონ.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, თუმცა, ამავდროულად, ცხადად ადგენს, რომ მისი განხორციელება, განსაკუთრებით ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში, არ უნდა გადაიზარდოს სხვათა ღირსებისა და უფლებების შემლახველ შეურაცხყოფაში.