ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 19 ივლისი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა.

ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ქვეყანაში სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

NSDI გეოპორტალი არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს აერთიანებს.

პორტალზე განთავსდება რუკები, ორთოფოტოები, მიწის ნაკვეთების საზღვრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. კერძო კომპანიები განათავსებენ ინფორმაციას მათი ინფრასტრუქტურის განლაგების, დაფარვის ზონების და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

გეოპორტალის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, ინვესტიციების მოძიება და კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება.

NSDI გეოპორტალის მონაცემთა ფორმატები სრულად შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებსა და სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ ინტეგრირებას და გამოყენებას ევროკავშირის მონაცემთა სივრცის ინფრასტრუქტურაში.

პლატფორმის კოორდინაციას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა UNIDROIT-ის გენერალურ მდივანთან საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ვიზიტად მყოფ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოს, და მის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ორგანიზაციის სამართლებრივი ინსტრუმენტების მნიშვნელობა განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანსსასაზღვრო კომერციული ურთიერთობების ზრდის ფონზე კერძო სამართლის უნიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე.

კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა იგნასიო ტირადომ, ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და საქართველოს განსაკუთრებულ როლზე რეგიონში კომერციული და ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების განვითარებისა და მათი თანამედროვე სამართლებრივი მოწესრიგების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა UNIDROIT-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და ორგანიზაციის წევრობის უპირატესობებზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობა.


კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და კომერციული სამართლის მოდერნიზაციისა და ჰარმონიზაციის მიზნით ამუშავებს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონვენციები, მოდელური კანონები და პრინციპები ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე პროგნოზირებადი, თანამედროვე და ეფექტიანი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას. ორგანიზაცია ამჟამად 65 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან, რაც მის გლობალურ ხასიათსა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო მინდიაშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ განრიდება-მედიაციის განვითარების საკითხები განიხილეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განრიდება-მედიაციის პროგრამების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განრიდებისა და მედიაციის სფეროში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საჭიროებას, ადამიანური რესურსებისა და სარეაბილიტაციო შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, მონაცემთა გაცვლისა და დამუშავების სისტემების გაუმჯობესებას.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს განრიდებისა და მედიაციის პროცესში უწყებათაშორისი და მულტიდისციპლინური კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ერთობლივი ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამების ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე.