ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 21 მარტი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა „ჰეინონლაინზე“ („HeinOnline“) შეუზღუდავი წვდომა ექნება

წამყვან ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი კვლევები და სტატიები, საერთაშორისო პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია. მათი გაცნობა ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა „ჰეინონლაინზეა“ (HeinOnline) შესაძლებელი.

„ჰეინონლაინზე“ შეუზღუდავი წვდომა უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოების პროცესს, გააძლიერებს სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას.

სამომავლოდ საერთაშორისო სამართლებრივ ელექტრონულ პლატფორმაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციის“ განთავსებაც იგეგმება. „HeinOnline“-ის ბაზების ეფექტიანად გამოყენებისა და თანამედროვე კვლევის მეთოდების გასაცნობად, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის სპეციალური ტრენინგებიც ჩატარდება, რომლებსაც კვალიფიციური უცხოელი ექსპერტები წარუძღვებიან.

საერთაშორისო სამართლებრივ ბაზაზე წვდომა იუსტიციის სამინისტროსთვის ევროკავშირის პროექტ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა II“-ის (Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement II) ფარგლებში განხორციელდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.