ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 11 ნოემბერი, 2021
გაზიარება

​რატი ბრეგაძე: „ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ სტრასბურგის გადაწყვეტილების სულისკვეთებას. კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ უწყებაში არსებული მაღალი სტანდარტი“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სრულად იზიარებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პენიტენციურ უწყებაში არის ძალიან მაღალი სტანდარტი. მინისტრმა, ასევე, განმარტა, რომ მომჩივანმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ერთი კონკრეტული მოთხოვნით – დაუყოვნებლივ მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში, რაც სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა.

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი ერთი კონკრეტული მოთხოვნით – დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისაკენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ უწყებაში არსებული მაღალი სტანდარტი. ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და, ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე და, რა თქმა უნდა, ასევე, გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.