ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 03 მაისი, 2022
გაზიარება

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა


დეკლარაციას, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის მომავალი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის პრინციპებს განსაზღვრავს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დეკლარაციის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვისათვის დროში გაწერილი გეგმის საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. გეგმის შემუშავება რატი ბრეგაძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს დაავალა.

„ჩვენი სიტყვა ასოცირებულია შესრულებასთან. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად და დროსთან ადეკვატურად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

კარენ ანდრესიანმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება ყველა იმ სფეროში, რომელთაც ერთობლივი დეკლარაცია მოიცავს.

„ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება“, − განაცხადა მან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის ქართველი კოლეგების ჩასვლას სომხეთის რესპუბლიკაში.

დეკლარაციის თანახმად, სამართლებრივ სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქართული ინოვაციების − PROBBOX-ისა და მობილური იუსტიციის სახლების − მოდელის დანერგვას სომხეთში; ერთობლივი ტრენინგების და პრაქტიკების გზით ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში მეზობელი ქვეყნისათვის დახმარების გაწევას, სანოტარო აქტების ნამდვილობის დადასტურების, აგრეთვე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ერთობლივი მექანიზმების შემოღებას.

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.