სიახლეები

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ელჩების ყოველწლიური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ელჩების ყოველწლიური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაზე „დიპლომატია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში“ მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შედეგები და ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესზე საუბრისას პაატა სალიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პენიტენციური სისტემის წარმატებულ რეფორმაზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მკვეთრ კლებასა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პოზიტიურ დინამიკაზე.
სამართლებრივი უსაფრთხოების სფეროში მიღწეული შედეგების კუთხით პაატა სალიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფოს ინტერესების ეფექტიანი დაცვის, ასევე, პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
პაატა სალიამ დიპლომატებს გააცნო სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე, ციფრული მმართველობის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი ინიციატივები, მათ შორის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვის მიმართულებით. მან ისაუბრა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზეც, რომელსაც საქართველო 2026 წლის ივნისში უმასპინძლებს, და ხაზი გაუსვა საელჩოებისა და წარმომადგენლობების ჩართულობის მნიშვნელობას ღონისძიებისადმი საერთაშორისო ინტერესის გაზრდისთვის.
ელჩების კონფერენცია მუშაობას სასესიო ფორმატში ოთხი დღის განმავლობაში გააგრძელებს.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng