ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 26 ივლისი, 2022
გაზიარება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა

უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიულოცა. მინისტრმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა და თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა .

უწყების საქმიანობის შედეგები და განვითარების ხედვა გააცნო თანამშრომლებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ. მან ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებაზე, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

გასული ერთი წლის მანძილზე დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის მიმართულებით არაერთი დაპირება შესრულდა:

შეიქმნა ევროპაში პირველი ინოვაციური მოწყობილობა „Probbox“ - პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა, რომელიც პრობაციის სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასა და ანონიმურობას უზრუნველყოფს. ამ დროისათვის „Probbox“ საქართველოს 7 ქალაქში იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობაშია განაწილებული, სამომავლოდ კი მისი რიცხვი 250-მდე გაიზრდება;

იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა ქუთაისში, მუნიციპალური ოფისები კი - ზესტაფონსა და თერჯოლაში. გარდაბნის, სიღნაღის, კასპისა და ჩხოროწყუს პრობაციის ოფისები ამავე ქალაქების იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პირველი რეგიონული ოფისი ამოქმედდა ქუთაისში;

გაძლიერდა ადამიანური რესურსი - პრობაციის ოფიცერთა რაოდენობა 12%-ით, სოციალური მუშაკების რაოდენობა 26%-ით, ხოლო ფსიქოლოგების რაოდენობა 67%-ით გაიზარდა. შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი;

4 ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა დაინერგა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. განრიდების პროგრამებში 577 არასრულწლოვანი და 21 წლამდე სრულწლოვანი ჩაერთო. წარმატებული მედიაციის მაჩვენებელმა კი სტატისტიკურად ყველაზე მაღალი - 67% შეადგინა;

სააგენტოს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შრომამისჯილი პირების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულობისა და სასჯელის მოხდის შემდგომ, მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიებთან;

შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შეიქმნა მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და ბიუროს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ წარმატებული პროფესიონალები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სააგენტოს თანამშრომლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.