ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 04 თებერვალი, 2026
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობისთვის ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დუბაიში.

სამიტზე ქვეყნები საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს უზიარებენ ერთმანეთს. მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაზე, ქვეყნის ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში ჩატარდება.

ხვალ პაატა სალია სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე ქვეყნების გამოცდილებებს მიეძღვნება.

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა. წარმოდგენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ მხარდაჭერით დაიდგა.

პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, ასევე, რეკვიზიტები თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში 12 მსჯავრდებული და 6 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად ჯვრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ხელმოწერით სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომისიის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან საქართველოს ეროვნული ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტები და მიდგომები განიხილა.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა 4-სვეტოვან სტრატეგიას ეფუძნება და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანისა და მიწოდების შემცირება.

მინისტრმა ECECACD-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, რომლებითაც საბჭო ხელმძღვანელობს. საუბარი ასევე, შეეხო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საქმიანობას და მის როლს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC); ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი (Pompidou Group) და ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო (EUDA).

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილი.