ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 31 ოქტომბერი , 2023
გაზიარება

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

რიყის პარკში თბილისის მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ღონისძიება გაიმართა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

„ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქის საკუთრების უფლების დასაცავად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მიწის ფონდთან დაკავშირებული პრობლემების სისტემური გადაჭრის მიზნით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციების პროექტი, რომლის შედეგადაც აიზომება ყველა მიწის ნაკვეთი, მოძიებული იქნება მისი მესაკუთრე და ყველა ნაკვეთს და თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრს ამ სახელმწიფოში ეყოლება კანონიერი მესაკუთრე. ეს პროექტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებულად თანამშრომლობდეს მუნიციპალიტეტი და სამინისტრო. მიწის სისტემური რეგისტრაცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისკენ არის მიმართული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის მიერ შერჩეულ არეალებზე (ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი-საღორისი, წყნეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი) 2024 წლის ბოლომდე წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულიად უფასოდ აზომავს და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2024 წლის ბოლომდე, თბილისში აიზომება და დარეგისტრირდება დაახლოებით 30 000 მიწის ნაკვეთი. დღეის მდგომარეობით, სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აზომილია 543 820 მიწის ნაკვეთი - ჯამური ფართობით 177 501 ჰექტარი. აქედან 442 057 მიწის ნაკვეთზე - ჯამური ფართობით 163 437 ჰექტარზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო. რეფორმით სარგებლობა შეუძლიათ დიასპორის წარმომადგენლებსაც.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://napr.gov.ge/required-info.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, სააგენტოს შესაბამისი სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.