ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 14 ნოემბერი , 2023
გაზიარება

ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალი ქალაქ ზესტაფონისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში.

დღესვე ზესტაფონის რაიონში „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტიც ამოქმედდა, რომელიც რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებთ მომსახურებას საკუთარი სახლის კართან სთავაზობს.

ზესტაფონის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა. ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ფილიალი სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. მასში 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. ამასთან, აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში; 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება საგარეჯოს, მცხეთის, ტოლების, ზოტის, ცაიშის, ხელვაჩაურის, შროშის, საჩხერის იუსტიციის სახლები, ახალი ფილიალები აშენდება თბილისსა და ბათუმში.

2024 წლიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობასაც შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი მობილური ტელეფონით მიიღონ ყველა სერვისი.

ზესტაფონის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.