ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 12 დეკემბერი , 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელებს შეხვდა

ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემა, პატიმრებისთვის ხელმისაწვდომი განათლება და ციფრული უნივერსიტეტი, იუსტიციის სახლი პენიტენციურ დაწესებულებებში და სარეაბილიტაციო პროგრამები მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისთვის – პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა პენიტენციური სისტემის რეფორმების პროცესში კონტრიბუციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მეგობრული დამოკიდებულება და პარტნიორული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მინისტრის თქმით, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვა და უმაღლესი დონის სტანდარტების დანერგვა ქართული მხარის პრიორიტეტია.

„ქართული პენიტენციური სისტემა მოწოდებულია, დაიცვას ოქროს შუალედი უსაფრთხოებასა და ეფექტურად მოქმედ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებს შორის“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ სხვა რეფორმებზე, მათ შორის, ისაუბრა სპორტის მართვის სტრატეგიაზე, პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებზე, ონლაინ მაღაზია „რე-მარკეტზე“, სადაც პატიმრების მიერ შექმნილი ნივთები იყიდება; ციფრულ უნივერსიტეტზე, რომელიც პატიმრებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი განათლება და სხვა.

ასევე, მინისტრმა ისაუბრა იმ სასწავლო და პრაქტიკულ ტრენინგკურსებზე, რომელთაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ციხის თანამშრომლების გადამზადებისა და პროფესიული განვითარებისთვის ახორციელებს. ამ კონტექსტში რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა პენიტენციური სისტემის სფეროში მეტად გაძლიერდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.