ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 01 ნოემბერი , 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მირსალეჰ საიდოვს შეხვდა

შეხვედრა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

აზერბაიჯანს ქართულმა მხარემ პენიტენციურ სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა; კერძოდ: იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს; „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის საშუალებითაც სწავლების რეჟიმი ონლაინ, ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციით მიმდინარეობს; „პრობბოქსი“, რომლითაც პრობაციონერები რეგისტრაციას და მომსახურების მიღებას პრობაციის ბიუროებში გამოუცხადებლად იღებენ; ონლაინ მაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთები იყიდება და შემოსავალს იღებენ მსჯავრდებულები.

ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის განხორციელებულ პროგრამებს; მცირე ზომის ციხეების მშენებლობას – პირველი ასეთი დაწესებულება უახლოეს ხანში დაბა ლაითურში გაიხსნება; უკვე მიმდინარეობს რუსთავში მცირე ზომის ციხის მშენებლობაც. მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებები სისტემის ეფექტურად მართვისა და მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური მიდგომებისა და პროგრამების ეფექტური განხორციელების შესაძლებლობებს ზრდის; გარდა ამისა, რისკების მართვისა და მსჯავრდებულთა მოთხოვნებზე მეტად ორიენტირებული იქნება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარში, ასევე, აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მუდმივი გადამზადების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნება კონფერენციის ბოლო დღეს – 3 ნოემბერს.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აღნიშნეს, რომ პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტების განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც დიდად შეუწყობს ხელს თბილისში გამართული სამდღიანი საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენცია.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.