ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 17 ოქტომბერი , 2023
გაზიარება

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მორიგი პროექტი იწყება

მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL) მიზანი სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის გააქტიურება, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვაა, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს სოფლის მოსახლეობას.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის ადმინისტრირების სერვისების დანერგვაზე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურისა (NSDI) და გეოპორტალის შექმნაზე იმუშავებს.

პროექტის პრეზენტაციისას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ და უზრუნველყოფს, მათ შორის, გამართული ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნას, რაც გაამყარებს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს შეუწყობს მიწის ადმინისტრირების სერვისებს“.

ღონისძიების მონაწილეებს ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ და პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ.

იუსტიციის სამინისტროს მსოფლიო ბანკთან ერთობლივი პროექტების განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვს, კერძოდ: ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმატებით განახორციელა მიწის ბაზრის განვითარების პროექტის კომპონენტი, რის შედეგადაც, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და სრულად სახელმწიფოს დაფინანსებით 2022 წლიდან ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც 2024 წელს დასრულდება.

ახალი პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი და მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.