ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 22 მარტი , 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის, ერთის მხრივ, განვითარებისთვის და, მეორეს მხრივ, რისკების საკანონმდებლო დონეზე რეგულირების საკითხებზე თანამშრომლობის ფართო ფორმატს სთავაზობს

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებისა და, ამავდროულად, შესაძლო რისკების სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე რატი ბრეგაძემ აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა წარმოქმნა იმგვარი სამართლებრივი რეგულაციების შემოღების საჭიროება, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, მეორე მხრივ კი, დაიცავს ადამიანის უფლებებს.

რატი ბრეგაძემ დისკუსიის მონაწილეებს კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა, კერძოდ:

  • იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ევროკავშირის სამართალთან თავსებად ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ რეგულირებაზე;
  • იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში შეიქმნება ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ სანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე. დისკუსია საჯარო და კერძო სექტორის, აგრეთვე, აკადემიური წრეების ჩართულობით წარიმართა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.