ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 06 ოქტომბერი , 2023
გაზიარება

თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

ორი დღის განმავლობაში ფორუმზე განიხილეს სამართლის დარგში აქტუალური პრობლემები და გამოწვევები, მათ შორის, ჩეხური სამართლის სისტემის თავისებურებები და საქმიანობის მოდელები. სპეციალური სესია დაეთმო ევროკავშირის სამართლის რეგულაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს.

ფორუმის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ფორუმის მიმდინარეობისას გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამართლებრივი პლატფორმის განვითარებას.

ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა; რიგით მეორე ფორუმს კი, თბილისის შემდეგ მომავალ წელს პრაღა უმასპინძლებს.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა და იმ გამოცდილების გაზიარება თუ რა სამართლებრივი პროცესების გავლა მოუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავსი პლატფორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩეხეთის გარდა გერმანიას, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც აქვს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.