ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 15 მარტი , 2024
გაზიარება

ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტრო სერვისების ხელმისაწვდომობისა და მედიაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას სწავლობს

ყირგიზეთის დელეგაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები მინისტრის მოადგილეებმა ბექა ძამაშვილმა და თორნიკე ჭეიშვილმა გააცნეს.

მხარეებმა ისაუბრეს ბიზნესგარემოს გაჯანსაღების მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის, ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივების, ბიზნესდავების გადაჭრის ეფექტიანი მექანიზმების – არბიტრაჟისა და მედიაციის – დანერგვის, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სხვა მიმართულებებით ჩატარებული ქართული წარმატებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს მედიაციის შესახებ სინგაპურის კონვენციის რატიფიკაციისა და შემდგომი იმპლემენტაციის საკითხები. კონვენციის რატიფიკაცია, რომელიც ბიზნესსუბიექტებს დავებთან დაკავშირებული მორიგებების აღსრულების პროცესს უმარტივებს, საქართველომ 2021 წელს განახორციელა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ხოლო ყირგიზეთის მხრიდან – იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.