ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 05 დეკემბერი , 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი დაფუძნდა

იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ანნა ჩერნიშოვამ.

ბატონი ბუბა ლომუაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრაზე საკონსულტაციო ჯგუფის კონცეფცია და 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. დოკუმენტი შშმ პირთა უფლებების რეალიზებისათვის მიმდინარე წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს. მათ შორისაა: საკანონმდებლო სისტემის რევიზია და გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან მისი შესაბამისობის ანალიზი; ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული სამუშაოები; სისტემის თანამშრომელთა გადამზადება შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებზე; ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში, რომელიც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის საშეღავათო პირობებით გაცემას ითვალისწინებს.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და აქტივობები განიხილეს.

შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, პროექტის − „ადამიანის უფლებები ყველასთვის - II ფაზა“ ფარგლებში. შეხვედრა მიეძღვნა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, 1992 წლიდან აღინიშნება.

საკონსულტაციო ჯგუფი შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მისი მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფაა. ჯგუფი დაკომპლექტებულია იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ-ების, არასამთავრობო სექტორის, შშმ თემის წარმომადგენლებისაგან. საკონსულტაციო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ასრულებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გაიხმო

მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებული სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. 18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო.

ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღვნიშნავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, კერძოდ, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.