ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 02 აგვისტო , 2023
გაზიარება

სოციალურმა მუშაკებმა ტრეფიკინგის არასრულწლოვან მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და სერვისების მიწოდების სპეციფიკის შესახებ ტრენინგი გაიარეს

სწავლება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა ზრუნვის სააგენტოს 28 წარმომადგენელმა მიიღო.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისათვის დამახასიათებელი ექსპლუატაციის ფორმებზე, ბავშვების ფსიქოლოგიური განვითარების სტადიებზე, არასრულწლოვან მსხვერპლთან კონტაქტის დამყარების ტექნიკასა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკითხზე.

შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ამ საკითხებზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი მიზანია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სერვისების გაუმჯობესება და მათი რეაბილიტაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.

ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.

სწავლება პროექტის – „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) – ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.