ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 02 დეკემბერი , 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო“ ხარჯების თაობაზე

კერძოდ, თვითმფრინავებისა და პილოტების ფონზე მომზადებულ მანიპულაციურ სიუჟეტში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საუბარია, რომ, თითქოსდა, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ექვს თვეში 7 მილიონ ლარამდე დახარჯა მივლინებებთან დაკავშირებულ ფრენებზე.

განვმარტავთ, რომ სიუჟეტში ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპლიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულია სისტემური რეგისტრაციის ბიუჯეტში.

დღეის მდგომარეობით, მიწის რეფორმის ფარგლებში უკვე აზომილია 612 609 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 194 530 ჰა და რეგისტრირირებულია 482 190 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 173 272 ჰა. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო 2022 წელს, მოქალაქისათვის არის სრულიად უფასო და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.