ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

კვირა, 24 სექტემბერი , 2023
გაზიარება

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია

თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა. თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო.

თავმჯდომარის, მოადგილის და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა კოლეგებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ საერთო კრებაზე მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნოტარიუსების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საერთო კრებაზე აღინიშნა 2021-2023 წლებში სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, მათ შორის: ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 70 წლამდე გაზრდა; სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოება; ბიუროების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე; დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებთან და სხვ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ ნოტარიუსთა პალატის კურატორი - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მინისტრის მოადგილეები და იუსტიციის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.