ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 14 დეკემბერი , 2023
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

რატი ბრეგაძემ და ჯეიმს ო’ ბრაიენმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა საქართველოში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებებით. მინისტრმა ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი შეეხო, აგრეთვე, დეოკუპაციის პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას და იუსტიციის სამინისტროს როლს ამ პროცესში.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რადგან სტრასბურგის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის მიმდინარეობა და 2024 წლის არჩევნების საკითხი.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და ვაშინგტონში საქართველოს გენერალური კონსული სოფიო ვეკუა

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.