ღონისძიებები

პარასკევი, 01 მარტი, 2024

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილა

თამარ ტყეშელაშვილმა და ადრიან ფოზარდმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმაონ პარტნიორული ურთიერთობები სამართლის უზენაესობისა და საჯარო სერვისების გაცემის სფეროებში და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროში დანერგილი ინოვაციური პროექტის - „მობილური იუსტიციის სახლის" შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების ფილიალების არსებობას, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ აქვს.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ეფექტიანი და სწრაფი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პენიტენციური სისტემის რეფორმა და სხვა.

თამარ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვთ. კერძოდ,

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის კომპონენტი, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.

2023 წლიდან მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით ნერგავს მიწის ადმინისტრირების ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მუშაობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურისა (NSDI) და გეოპორტალის შექმნაზე.

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით საჯარო რეესტრის მონაწილეობით მიმდინარეობს GRAIL-ის პროექტი.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

ექსპოზიციაზე ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი, რომელთა რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შენაძენის გარეშე, მხოლოდ თანხის გაღებითაც არის შესაძლებელი, რისთვისაც საგამოფენო დარბაზში სპეციალური ყუთია განთავსებული.

ღონისძიება მე-3 წელია, იმართება და უკვე ტრადიციად იქცა. წელს ნამუშევრები იუსტიციის სამინისტროს 70-ზე მეტმა თანამშრომელმა წარმოადგინა.

გამოფენა "ხელოვანი იუსტიციელები" იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას რეფერირების ცენტრის არასრულწლოვნებისათვის და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აქციაში ჩაერთო.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 1-2 მარტს, 11.00-დან 19.00 საათამდე უმასპინძლებს.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება ევროპელ კოლეგებთან.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმიდან ორი პუნქტის – ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა (მე-6 პუნქტი) და სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოყენების (მე-11 პუნქტი) – შესრულებაში.

როგორც რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის დაჩქარება.

სწორედ სამართლებრივი დაახლოების თემაზე გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა ზაგრებში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში, სადაც განხილულ იქნა კონკრეტულად 23-ე თავით (მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების გზები და პროგრესი; ასევე:

  • პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ყველა სამთავრობო უწყებას ავალდებულებს, კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებამდე მიიღოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა ევროკავშირის კანონპროექტთან შესაბამისობის შესახებ;
  • სამინისტრომ აამოქმედა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აღრიცხავს, დაგეგმავს და შეაფასებს სამართლებრივი დაახლოების პროცესს;
  • შემუშავდა „საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზამკვლევი“;
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი.

რატი ბრეგაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ქვეყნებთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყებამ ჯერ კიდევ კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღებამდე ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ, 2023 წელს საქართველომ პირველ ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმს უმასპინძლა, ხოლო მიმდინარე წელს გერმანიაში რიგით მეორე გერმანულ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ჩატარდება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბექერს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ აფასებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და მეგობრობას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის და ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციამ პენიტენციური დაწესებულებაც მოინახულა.

ღონისძიებები

მარტი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ