ღონისძიებები

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2024

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „იუსტიციის აუდიტორია“ გაიხსნა

აუდიტორია შესაძლებლობას მისცემს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, თანამშრომლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, მიიღონ სრული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობის, მისი ამოცანების, მიზნებისა და მიღწევების შესახებ. ამასთან, საგანმანათლებლო სივრცეში მოეწყობა საჯარო ლექციები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დისკუსიის ფორმატის დანერგვას სამართლებრივი საკითხების გარშემო და ამ გზით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის კიდევ ერთი ამოცანა სტუდენტური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია და იუსტიციის სამინისტროში პერსპექტიული კადრების მოზიდვაა.

„იუსტიციის აუდიტორია“ რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან, მინისტრის მრჩეველ მინდია უგრეხელიძესთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასა და სამართლის ფაკულტეტის დეკან გიორგი ხატიძესთან ერთად გახსნა. იუსტიციის სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და იმ შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს, რომელთაც აუდიტორია სტუდენტებს სთავაზობს. სტუმრებმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხეს.

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პროცესში სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მომავალი იურისტების ჩართულობა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით არაერთი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა:

ჟურნალი „იუსტიცია“ – ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირების მქონე გამოცემა, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას სამართლის ცალკეული დარგის განვითარებისა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებისათვის; ჟურნალი 2023 წლიდან წარმოდგენილია ციფრულ პლატფორმაზე – iustitita.gov.ge;

იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო – ფორმატი სისტემური რეფორმების, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფს;

საგრანტო კონკურსი – ყოველწლიური საგრანტო პროექტები უწყების საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის გაძლიერებისათვის, რომლის ფარგლებშიც, მხოლოდ წელს 17 საგრანტო წინადადება დაფინანსდა.

ღონისძიებები

მარტი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ