ღონისძიებები

ხუთშაბათი, 25 ივლისი, 2024

„ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საერთაშორისო კონფერენცია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს დღეს – 25 ივლისს გაიხსნა. კონფერენციის მიზანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველო, ერთი მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს გამოცდილებას უზიარებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და ისეთი სერვისების შესახებ, როგორიცაა: ქართული ინოვაცია „PROBBOX“, „ციფრული უნივერსიტეტი“, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებლებისათვის და სხვა; მეორე მხრივ კი, ქართული მხარე ეცნობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას, რაც საზოგადოების უსაფრთხოებას ემსახურება.

კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; შინაგან საქმეთა; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეებმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრობაციის სისტემის შესახებ მომზადებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა ევროპული კონფედერაციის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ „პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრადაა განვითარებული და ეს პროცესი ბოლო წლებში დაჩქარდა“.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით; იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პრობაციის სისტემები ევროპულ ქვეყნებში და მათი შესაძლებლობების განვითარება; სახელმწიფო ინსტიტუციების, საზოგადოების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობა დანაშაულის პრევენციის პროცესში; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობები.

კონფერენციაში მონაწილეობენ რუმინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროსა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას თბილისის დეკლარაციის მიღებით დაასრულებს.

ღონისძიებები

ივლისი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ