ღონისძიებები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია.
მაღალი რანგის სტუმარს საჯარო სერვისების მიწოდების წარმატებული ქართული მოდელი, "ერთი ფანჯრის“ პრინციპი და იუსტიციის სახლის კონცეფცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.
ლი ჯუნჰუამ ინფორმაცია მიიღო საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული ციფრული და ინოვაციური პროექტების, ასევე ინკლუზიურობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დანერგილი სერვისების, მათ შორის მობილური იუსტიციის სახლისა და ბიზნესასისტენტის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდო (UNPSA), რომელიც უწყებას სერვისების მიწოდების სფეროში საუკეთესო მიღწევებისთვის გადაეცა.
თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა
იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ. წლევანდელი ფორუმის თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ სრულად ეხმიანება საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რაც მოიცავს საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციას უფრო ეფექტიანი, ინკლუზიური და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველსაყოფად.
მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირთან.
შეხვედრების ბოლოს პაატა სალიამ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული თანამშრომლობა საერთო ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით კიდევ მეტ შესაძლებლობებს გააჩენს. მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა, პარტნიორ ქვეყნებს გაუზიაროს უნიკალური გამოცდილება სწრაფი და ეფექტიანი, მათ შორის, ციფრული და დისტანციური სერვისების მიწოდების სისტემის განვითარების მიმართულებით.
Geo
Eng