ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 24 ივნისი, 2024
გაზიარება

ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს

დღეს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 186 ქვეყანას შორის უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.

საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 12 ქვეყანა.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით. ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც ყოველწლიური ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რისკებისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ;

  1. დანაშაულის გამოვლენისკენ მიმართული პროაქტიული ღონისძიებები და მეტი დამნაშავის დასჯა;
  2. ტრეფიკინგის დაზარალებულთათვის და მსხვერპლთათვის არსებული თავშესაფრების რაოდენობის გაზრდა;
  3. შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის გაუმჯობესება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პრევენციის მიზნით და სხვ.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

პაატა სალიამ შეხვედრისას ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაყოფიერ და მრავალწლიან თანამშრომლობაზე, რისი დასტურიც ერთობლივი პროექტები და განხორციელებული რეფორმებია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UN Sustainable Development Cooperation Framework) ფარგლებში, 2026-2030 წლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კონკრეტული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს როგორც მმართველი კომიტეტის, ისე შედეგებზე ორიენტირებული სამივე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

პაატა სალიამ უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და თანამედროვე, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით სამინისტრო მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა

პაატა სალიამ მუსტაფა თურქერ არისთან განიხილა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალი მიმართულებების განვითარება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას.

პაატა სალიამ გამოხატა მზაობა, გამართოს შეხვედრა თურქ კოლეგასთან დარგობრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებისა და მექანიზმების შემუშავების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.