სიახლეები

პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პაატა სალიამ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის ქართული რეფორმები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დანერგა „გონიერი კონტრაქტის“ ინოვაციური სერვისი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურად განახორციელონ უძრავი ქონების ტრანზაქციები უსაფრთხო ციფრული ხელმოწერის, ინტეგრირებული იპოთეკური სერვისების, გადახდების დამუშავების და ელექტრონული საკუთრების გაცემის გზით. მომავალში ეს სერვისი გაფართოვდება და მოიცავს ბიზნესის დისტანციურ რეგისტრაციასა და სხვა მოწინავე ციფრულ სერვისებს.
აღინიშნა გასული წლის შემოდგომაზე განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი, ასევე, მიმდინარე წელს ხელმოწერილი მემორანდუმი PRYPCO Technologies-თან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას უძრავი ქონების სექტორში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით; მათ შორის, უძრავი ქონების ტოკენიზაციის სფეროში, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.
სხვა სიახლეები
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის დადგენილებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების მხარდაჭერაა.
უწყებათშორის შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების 4-წლიანი სტრატეგია, 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და 9 დარგობრივი რეგლამენტის პროექტი განიხილეს. დოკუმენტები, რომლებიც მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება, კოორდინატორმა უწყებამ - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკოორდინაციო საბჭოს წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი რეგულაციები სივრცითი მონაცემების წარმოებისა და გაზიარების ერთიან სტანდარტს დაადგენს. შედეგად, სხვადასხვა უწყების მონაცემები ერთმანეთთან თავსებადი იქნება, რაც გამორიცხავს დუბლირებას და დაზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, მონაცემები თავსებადი იქნება ევროკავშირის სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE) და მარტივად გაზიარდება ეროვნული გეოპორტალის საშუალებით.
რეფორმის მიზანი სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. ამ პროცესში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში, საჯარო რეესტრმა პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი — NSDI.GOV.GE შექმნა. ეროვნულ გეოპორტალზე უკვე განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია 30-მდე უწყების 160-ზე მეტი მეტამონაცემი.
ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები სახელმწიფო და კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ბიზნესის დასაგეგმად, ისე კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.
Geo
Eng