ღონისძიებები
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, რატი ბრეგაძეს სახელმწიფო მედალი გადასცა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს აზერბაიჯანის იუსტიციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული სახელმწიფო მედალი გადასცა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი ქალაქ ბათუმში წელს პირველად, მიმდინარე წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. ორი ქვეყნის სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რაც ქართულ-აზერბაიჯანულ დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.
რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრეთ მამედოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ბაქოში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე უწყებებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების აღსრულების ნაწილში ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიმართება. ფორუმზე ხელი მოეწერება ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს 2023 წელს როგორც ცენტრალურ, ისე სექტორულ დონეზე ერთობლივ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სააღსრულებო სისტემაში განხორციელებული რეფორმები აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის საშემოდგომო სესიის მონაწილეებს გააცნო
ერეკლე ღვინიანიძემ საერთაშორისო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური პარტნიორობით მიღწეული შედეგები გააცნო და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს სააღსრულებო სისტემაში დანერგილ ისეთ თანამედროვე და ციფრულ სერვისებზე, როგორიცაა: ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული საქმისწარმოება, ელექტრონული სააღსრულებო წარმოების პროგრამა და სხვა. აღნიშნული პროგრამების დანერგვით საქმისწარმოება აღმასრულებლებისთვის კიდევ უფრო მოქნილი გახდა, მოქალაქეებისთვის კი − მარტივად ხელმისაწვდომი.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოს საშემოდგომო სესია წევრი ქვეყნების მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენას მიეძღვნა.
კონფერენციას იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან ერთად აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მოძღვრიშვილი ესწრებოდნენ.
რატი ბრეგაძემ და ფრანკ ჰუპფელდმა საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროექტების ხელმძღვანელ ფრანკ ჰუპფელდს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს IRZ-ის როლს საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროგრამის შესრულების პროცესში.
იუსტიციის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ IRZ-ის აქტიური ჩართულობა ორ ქვეყანას შორის სექტორულ თანამშრომლობაზე პოზიტიურად აისახება. See less
იუსტიციის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
რატი ბრეგაძემ და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროპული პერსპექტივა განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რასაც მოჰყვება ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია.
რატი ბრეგაძემ პაველ ჰერჩინსკისთან ევროინტეგრაციის პროცესში წარმატებული თანამშრომლობის და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი და თანმდევ კანონებში შესატანი ცვლილებები იქნა განხილული. სხდომას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.
შეხვედრაზე დეტალურად გაანალიზდა საბჭოს წევრთა მოსაზრებები და რეკომენდაციები მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ცვლილებათა პაკეტის ინიციირებისა და შემდგომი განხილვების ვადების თაობაზე.
სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის პროფესორებსა და სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილ სპეციალისტებს წარმოადგენენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მეცნიერებასა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ლუქსემბურგის გლობალური ფორუმის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებს ხვდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი OECD-ისა და ლუქსემბურგის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით იმართება და ეძღვნება ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა: თანამედროვე გეოპოლიტიკური გარემო, დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობა და მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კლიმატის ცვლილება, კოვიდ-19-დან გამომდინარე გლობალური კრიზისი, ციფრული ტრანსფორმაცია და მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.
ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი ნიდერლანდების დიგიტალიზაციის მინისტრს შეხვდა. რატი ბრეგაძემ ალექსანდრა ვან ჰუფელენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების განვითარება და ციფრული მმართველობის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. იუსტიციის მინისტრმა მზაობა გამოხატა, ერთი მხრივ, გაუზიაროს პარტნიორებს წარმატებული ქართული მოდელი, მეორე მხრივ კი, დანერგოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.
გლობალური ფორუმის დასრულებამდე რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხებზე, შეხვედრებს სხვა კოლეგებთანაც გამართავს.
Geo
Eng