ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 23 ნოემბერი , 2023
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იუდიტ ვარგას შეხვდა

მინისტრმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებში წარმატება უსურვა.

იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირში გაწევრება არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო და რჩება ამ პროცესის აქტიურ მხარდამჭერად.

ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. ამისთვის პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო გაუწევს, მეტი ეფექტიანობისთვის კი შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა; ამასთან, საჯარო მოხელეებისთვის შემუშავდა ევროკავშირის პრაქტიკული სახელმძღვანელო და სასწავლო მოდული.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ თანამშრომლობას 2021 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც რატი ბრეგაძემ მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში.

იუდიტ ვარგასთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.