ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 23 ნოემბერი , 2023
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იუდიტ ვარგას შეხვდა

მინისტრმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებში წარმატება უსურვა.

იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირში გაწევრება არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო და რჩება ამ პროცესის აქტიურ მხარდამჭერად.

ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. ამისთვის პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო გაუწევს, მეტი ეფექტიანობისთვის კი შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა; ამასთან, საჯარო მოხელეებისთვის შემუშავდა ევროკავშირის პრაქტიკული სახელმძღვანელო და სასწავლო მოდული.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ თანამშრომლობას 2021 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც რატი ბრეგაძემ მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში.

იუდიტ ვარგასთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს წინსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

აღინიშნა, რომ სასესიო ფორმატის ფარგლებში მხარეებმა არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოჭრეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სახელმწიფო სისტემების განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწას და, აგრეთვე, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების პროცესის წარმატებას.

ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად იმართება. პირველად ღონისძიება 2023 წელს ჩატარდა და მას თბილისმა უმასპინძლა.

ფორუმის მიზანი ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებაა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო 2026 წელს თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, რისთვისაც თამარ ტყეშელაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნაა, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდებას.

თამარ ტყეშელაშვილმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების და საჯარო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე. ორივე დოკუმენტის ფარგლებში საქართველო აგრძელებს საჯარო სერვისების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაზრდის ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისები გაერო-ს საჯარო სამსახურის 2024 წლის ჯილდოებზეა წარდგენილი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ხელშესახებ პროგრესს ეფექტური, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე.