ღონისძიებები

ოთხშაბათი, 06 ივლისი, 2022

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ   რობერტ სპანოსა  და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს განსაკუთრებულ როლს.

ბატონმა სპანომ მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის განხორციელების შედეგადაც ქართველ იურისტებს მიეცემათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავების დამატებითი ქმედითი შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო პროექტები დაგეგმეს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ მიმდინარე დავების მკვეთრი შემცირების დადებით ტენდენციას. დღეისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 130-მდე ინდივიდუალური საჩივარი განიხილება, რაც საქართველოსთვის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა რეალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპული მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი - ვიქტორ სოლოვეიჩიკი და ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია.

საქართველოს დელეგაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განხორციელებული რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა

მიმდინარე წლის 5 და 6 ივლისს საქართველოს დელეგაციამ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში წარადგინა.

ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა წინა პერიოდული ანგარიშის მოსმენის შემდეგ - 2014 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების ეფექტიან უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.

საქართველოს დელეგაციამ კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. კომიტეტის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე, რითაც უკვე სამართლებრივ ჭრილში დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი და 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა.

ქართულმა მხარემ, ასევე, კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო სისტემის რეფორმაზე; პენიტენციური სისტემისა და სამართალდამცავი უწყებების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე; ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე; გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფაზე; საარჩევნო რეფორმაზე; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებაზე; ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე.

განხილვის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, ასევე, უპასუხა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. საგულისხმოა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაეროს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში დანერგილი მექანიზმები. განხილვის შემდეგ საქართველოს დელეგაციას წერილობით მიეწოდება კომიტეტის რეკომენდაციები, რომლის შესრულების ანგარიშიც 2024 წელს გაიგზავნება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შემდეგი უწყებების წარმომადგენლები:

მთავრობის ადმინისტრაცია;

პარლამენტი;

საგარეო საქმეთა სამინისტრო;

შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

თბილისის საქალაქო სასამართლო;

გენერალური პროკურატურა;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

სპეციალური საგამოძიებო სამსახური;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;

ცენტრალური საარჩევნო კომისია;

კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

მე-5 პერიოდული ანგარიში 2020 წელს წერილობით მომზადდა და გაიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით.

ღონისძიებები

ივლისი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6