ღონისძიებები

პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2023

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელეს

რატი ბრეგაძემ და რობინ დანიგანმა ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში პარტნიორული ურთიერთობების უკვე არსებული და სამომავლო პლატფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის წარმატებულ თანამშრომლობას ტრანსსასაზღვრო დანაშაულებთან ბრძოლისა და ექსტრადიციის მიმართულებით. თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების მიზნით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ასევე, იუსტიციის მინისტრმა ამერიკულ მხარეს შესთავაზა საქართველოსა და აშშ-ს შორის ყოველწლიური სამართლებრივი ფორუმის დაფუძნება.

რატი ბრეგაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს 1-3 ნოემბერს თბილისში გასამართი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის (ინოვაციები პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში) საკითხები, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით პირველად იმართება აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპულ ორგანიზაციასთან (Europris) თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023

იუსტიციის სამინისტრო „პრაღის პროცესის“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა „პრაღის პროცესის“ სემინარის გახსნით სიტყვაში მიგრაციის მართვის სფეროში თანამედროვე მიდგომებზე, დიგიტალიზაციასა და „პრაღის პროცესის“ წევრ ქვეყნებს შორის უწყვეტ თანამშრომლობასა და წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების დამსწრეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს ევროკავშირის, „პრაღის პროცესის“ სამდივნოს და ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა.

თბილისში გამართულ სამდღიან საერთაშორისო სემინარზე „დიგიტალიზაციის პოტენციალი მიგრაციის კონტექსტში“, ძირითადად, მიგრაციის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საკითხებს განიხილავენ.

სემინარი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და „პრაღის პროცესის“ თავმჯდომარის − ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „პრაღის პროცესის“ სამდივნოს − მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის კოორდინაციითა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, „პრაღის პროცესში“ ჩართული ქვეყნების, ასევე, გაერო-სა და ევროპის რეგიონის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„პრაღის პროცესი“ 2009 წელს ჩამოყალიბდა. ეს არის მიგრაციის შესახებ მიზნობრივი დიალოგი და პოლიტიკის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნებს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობას. „პრაღის პროცესის“ საქმიანობა წარიმართება მისი წევრი ქვეყნების მინისტრთა დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით. 2022 წელს „პრაღის პროცესის“ მე-4 მინისტერიალზე დამტკიცდა 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელების მხარდაჭერას ევროკომისია უწევს

ორშაბათი, 23 ოქტომბერი, 2023

იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეხუთე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად ჟურნალ „იუსტიციის“ ახალი ნომერი განიხილა და მის მომავალ გამოცემებთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა მინდია უგრეხელიძემ, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების მიმოხილვისას ხაზი გაუსვა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ როლს კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი ვერსიების თარგმნის საქმეში.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო ხელშეკრულებათა გამიჯვნის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზეც იმსჯელეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, აგრეთვე, სხვა მოწვეული სტუმრები.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2023

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
  • სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: granti@justice.gov.ge.

განაცხადების მიღება 20 ოქტომბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი დეკემბერი.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.

სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

საგრანტო დოკუმენტაციის ჩამონათვალი

სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2023

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მორიგი პროექტი იწყება

მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL) მიზანი სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის გააქტიურება, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვაა, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს სოფლის მოსახლეობას.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის ადმინისტრირების სერვისების დანერგვაზე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურისა (NSDI) და გეოპორტალის შექმნაზე იმუშავებს.

პროექტის პრეზენტაციისას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ და უზრუნველყოფს, მათ შორის, გამართული ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნას, რაც გაამყარებს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს შეუწყობს მიწის ადმინისტრირების სერვისებს“.

ღონისძიების მონაწილეებს ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ და პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ.

იუსტიციის სამინისტროს მსოფლიო ბანკთან ერთობლივი პროექტების განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვს, კერძოდ: ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმატებით განახორციელა მიწის ბაზრის განვითარების პროექტის კომპონენტი, რის შედეგადაც, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და სრულად სახელმწიფოს დაფინანსებით 2022 წლიდან ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც 2024 წელს დასრულდება.

ახალი პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი და მოწვეული სტუმრები.

სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) დელეგაციას შეხვდა.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმართა უფლებების დაცვისა და პირობების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ახალი პენიტენციური კოდექსი, პატიმართათვის ხელმისაწვდომი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, დასაქმების შესაძლებლობები, მცირე ზომის ახალი დაწესებულებების მშენებლობა და სხვ.

უკვე განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის მაღალ სტანდარტს. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. კერძოდ, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე. შედარებისთვის – 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 2011 წლის მონაცემებზე 20-ჯერ ნაკლებია.

მინისტრის მოადგილის თქმით, პენიტენციური სისტემის რეფორმა აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მხედველობაში იქნება მიღებულია SPT-ის რეკომენდაციები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რელევანტური დეპარტამენტების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ SPT-ის დელეგაცია საქართველოს პირველად სტუმრობს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტისგან შემდგარი ქვეკომიტეტის ძირითადი ფუნქციაა გაერო-ს წევრ ქვეყნებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის პროაქტიული და მდგრადი მიდგომების დანერგვა. ქვეკომიტეტი, ასევე, შეხვდება სხვა სამთავრობო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარტსა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში SPT, ასევე, ესტუმრება თავისუფლებააღკვეთის დაწესებულებებს.

ვიზიტის შემდგომ SPT შეიმუშავებს ანგარიშს და საქართველოსთან მიმართებით გასცემს რეკომენდაციებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა მოპყრობასა და დაცვასთან დაკავშირებით.

დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყო და მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს დასრულდება.

ორშაბათი, 09 ოქტომბერი, 2023

რუსთავში ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

საქართველოსთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულება იძლევა ციხის უფრო მეტად ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას. რუსთავის ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება თანამედროვე ტიპის საკნები, სასადილო, მაღაზია, სპორტული ინფრასტრუქტურა, რესოციალიზაციის სივრცეები, გაუმჯობესებული პირობები თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები.

სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.c

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

საქართველოსთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულება იძლევა ციხის უფრო მეტად ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას. რუსთავის ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება თანამედროვე ტიპის საკნები, სასადილო, მაღაზია, სპორტული ინფრასტრუქტურა, რესოციალიზაციის სივრცეები, გაუმჯობესებული პირობები თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები.

სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.

იუსტიციის სამინისტრომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა

ევროინტეგრაციის პროცესში მიგრაციის მართვის მნიშვნელობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ მანფრედ პროფაზთან შეხვედრაზე.

მხარეებმა მიგრაციის მართვის პროცესში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობაზეც იმსჯელეს, რომელიც IOM-ის წარმომადგენელთა განცხადებით, არაერთი ქვეყნისთვისაა სამაგალითო.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, წარმომადგენლები.

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2023

თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

ორი დღის განმავლობაში ფორუმზე განიხილეს სამართლის დარგში აქტუალური პრობლემები და გამოწვევები, მათ შორის, ჩეხური სამართლის სისტემის თავისებურებები და საქმიანობის მოდელები. სპეციალური სესია დაეთმო ევროკავშირის სამართლის რეგულაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს.

ფორუმის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ფორუმის მიმდინარეობისას გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამართლებრივი პლატფორმის განვითარებას.

ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა; რიგით მეორე ფორუმს კი, თბილისის შემდეგ მომავალ წელს პრაღა უმასპინძლებს.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა და იმ გამოცდილების გაზიარება თუ რა სამართლებრივი პროცესების გავლა მოუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავსი პლატფორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩეხეთის გარდა გერმანიას, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც აქვს.

ღონისძიებები

დეკემბერი , 2025
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31