ღონისძიებები

ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციამ – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ – სასესიო მუშაობა დეკლარაციის მიღებით დაასრულა, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

კონფერენციის მუშაობა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ბევრ საინტერესო და წარმატებულ თანამშრომლობას.

კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, შედგა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან, მინისტრების მოადგილეებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან; გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტები; განხორციელდა ვიზიტი თბილისის იუსტიციის სახლში,

3 ნოემბერს კი, კონფერენციის დელეგატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და დავორ ბუნოზას შეხვედრა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრი საქართველოს კონფერენციაზე დასასწრებად სტუმრობს.

მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების კუთხით. ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისევე, როგორც საქართველო, აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრობის მოპოვებისათვის და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოხატა მზაობა, კიდევ უფრო დეტალურად გააცნოს პარტნიორ ქვეყანას მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში დანერგილი ინოვაციები. რატი ბრეგაძემ კოლეგას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. დოკუმენტი არაერთ თემატურ მიმართულებას და კონკრეტული ღონისძიებების არეალს მოიცავს, რაც ერთობლივი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გაააქტიურებს.

რატი ბრეგაძისა და დავორ ბუნოზას შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიცე-პრეზიდენტი ჰანს ვოლფი საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციებია. ამ უნიკალური პლატფორმის საშუალებით საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნოს ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ სისტემებში მიღწეული პროგრესი.

იუსტიციის მინისტრმა და CPT-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართულ ინოვაციებს: „ციფრულ უნივერსიტეტს“, პატიმართა ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზია „რე-მარკეტს“, იუსტიციის სახლების ფილიალების გახსნას საპატიმროებში; აღინიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს დიდი ზომის ციხეების მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლების პროცესი – ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება, რუსთავში კი, დაწყებულია მცირე ზომის ციხის მშენებლობა.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა CPT-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს აღნიშნულ ორგანიზაციასთან საქართველოში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის გაძლიერებისა და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან მისი შემდგომი დაახლოების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი.

და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ რუმინეთის პრობაციის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა

დეკლარაციას ხელი მოეწერა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში.

კონფერენციის თემაა „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე რუმინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როქსანა სიმონა მომეუსს, რუმინეთის პრობაციის სამსახურის უფროს ეველინა-დენისა ოუესლატს და პრობაციის ევროპული კონფედერაციის (СEP) ვიცე-პრეზიდენტ იულიანა კარბუნარუს შეხვდნენ.

გაფორმდა თანამშრომლობის დეკლარაცია რუმინეთის პრობაციის სამსახურთან, რომლის საფუძველზეც მხარეები ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, ასევე, შეხვდნენ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლევონ ბალიანს და პრობაციის სააგენტოს დირექტორ არამ ნიკოიანს.

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ღონისძიებაში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა სასესიო ფორმატში გრძელდება

კონფერენციის პირველ დღეს სამი თემატური დისკუსია გაიმართა. პირველი სესია პენიტენციური სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებსა და ამ პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას მიეძღვნა.

მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს დელეგატებმა მეორე სესიაზე. განსაკუთრებული ყურადღება ღონისძიების მონაწილეებმა ციფრულ უნივერსიტეტს დაუთმეს.

მესამე სესიაზე განიხილეს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადამზადებისა და უწყვეტი განათლების საკითხები. აღინიშნა მაღალკვალიფიციური პერსონალის მნიშვნელობა მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში.

საერთაშორისო კონფერენცია – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ – საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორ სახელმწიფოებს გააცნოს ბოლო წლებში აღნიშნულ სისტემებში მიღწეული პროგრესი და გაიზიაროს წამყვანი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება. მასში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები; საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თემატური ექსპერტები მონაწილეობენ.

ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2023

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მირსალეჰ საიდოვს შეხვდა

შეხვედრა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

აზერბაიჯანს ქართულმა მხარემ პენიტენციურ სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა; კერძოდ: იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს; „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის საშუალებითაც სწავლების რეჟიმი ონლაინ, ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციით მიმდინარეობს; „პრობბოქსი“, რომლითაც პრობაციონერები რეგისტრაციას და მომსახურების მიღებას პრობაციის ბიუროებში გამოუცხადებლად იღებენ; ონლაინ მაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთები იყიდება და შემოსავალს იღებენ მსჯავრდებულები.

ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის განხორციელებულ პროგრამებს; მცირე ზომის ციხეების მშენებლობას – პირველი ასეთი დაწესებულება უახლოეს ხანში დაბა ლაითურში გაიხსნება; უკვე მიმდინარეობს რუსთავში მცირე ზომის ციხის მშენებლობაც. მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებები სისტემის ეფექტურად მართვისა და მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური მიდგომებისა და პროგრამების ეფექტური განხორციელების შესაძლებლობებს ზრდის; გარდა ამისა, რისკების მართვისა და მსჯავრდებულთა მოთხოვნებზე მეტად ორიენტირებული იქნება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარში, ასევე, აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მუდმივი გადამზადების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნება კონფერენციის ბოლო დღეს – 3 ნოემბერს.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აღნიშნეს, რომ პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტების განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც დიდად შეუწყობს ხელს თბილისში გამართული სამდღიანი საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენცია.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გრძელდება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.

რამაზან ჯანი საქართველოში თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიება, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში დანერგილი ინოვაციური მიდგომებია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება.

მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის აკადემიას შორის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც ერთობლივი სიმპოზიუმების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების ჩატარებას და ერთობლივი ციფრული სასწავლო პლატფორმების შექმნას ითვალისწინებს. დოკუმენტის ხელმოწერა მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.

ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორული ურთიერთობები განსაკუთრებით ინტენსიურად მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ვითარდება. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და აბდულჰამიტ გიულთანმა და ივან მალენიცას შორის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.

საქართველო და ხორვატია დარგობრივი თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრ ივან მალენიცას შეხვედრა თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციებია.

ღონისძიებაში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების, ელექტრონული მმართველობის, აგრეთვე, პენიტენციური სისტემების ეფექტიანი მართვისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით. იგეგმება სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გამოცდილების გაზიარების მიზნით.

რატი ბრეგაძესა და ივან მალენიცას შორის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.

თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საერთაშორისო კონფერენციის – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისპროცესში არსებული ინოვაციები“ – თბილისში ჩატარება ქართული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა. უნიკალური პლატფორმა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნოს ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ სისტემებში მიღწეული პროგრესი და გაიზიაროს წამყვანი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართეს ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა ივან მალენიკამ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, EuroPris-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საბინე მახლიმ.

კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციურისამსახურის ორგანიზებით, ციხისადა სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათშორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურებისგენერალური დირექტორები, საერთაშორისოორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

ღონისძიების მიმდინარეობის პარალელურად, მოწყობილია თემატური გამოფენა, რომელზედაც უცხოელ და ქართველ დელეგატებს შეუძლიათ, გაეცნონ ქართულ წარმატებულ რეფორმებს: PROBBOX-ს; „რე-მარკეტს“; იუსტიციის სახლის კუთხეს პენიტენციურ დაწესებულებებში, ვიზუალურ მასალას „ციფრულიუნივერსიტეტისა“ და ლაითურში ახალაშენებულიპენიტენციური დაწესებულების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში ჩანიშნულია ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან, მინისტრების მოადგილეებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან; გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტები; შედგება ვიზიტები თბილისის იუსტიციის სახლსა და პენიტენციურ დაწესებულებებში; 3 ივნისს კი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2023

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

რიყის პარკში თბილისის მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ღონისძიება გაიმართა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

„ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქის საკუთრების უფლების დასაცავად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მიწის ფონდთან დაკავშირებული პრობლემების სისტემური გადაჭრის მიზნით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციების პროექტი, რომლის შედეგადაც აიზომება ყველა მიწის ნაკვეთი, მოძიებული იქნება მისი მესაკუთრე და ყველა ნაკვეთს და თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრს ამ სახელმწიფოში ეყოლება კანონიერი მესაკუთრე. ეს პროექტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებულად თანამშრომლობდეს მუნიციპალიტეტი და სამინისტრო. მიწის სისტემური რეგისტრაცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისკენ არის მიმართული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის მიერ შერჩეულ არეალებზე (ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი-საღორისი, წყნეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი) 2024 წლის ბოლომდე წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულიად უფასოდ აზომავს და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2024 წლის ბოლომდე, თბილისში აიზომება და დარეგისტრირდება დაახლოებით 30 000 მიწის ნაკვეთი. დღეის მდგომარეობით, სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აზომილია 543 820 მიწის ნაკვეთი - ჯამური ფართობით 177 501 ჰექტარი. აქედან 442 057 მიწის ნაკვეთზე - ჯამური ფართობით 163 437 ჰექტარზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო. რეფორმით სარგებლობა შეუძლიათ დიასპორის წარმომადგენლებსაც.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://napr.gov.ge/required-info.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, სააგენტოს შესაბამისი სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებები

დეკემბერი , 2025
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31