ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მუშაობა გრძელდება

პროექტის მიმდინარეობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი მანანა ბეგიაშვილი გაეცნენ.

საგრანტო წინადადების შესაბამისად, გადამზადდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს დევნილთა დასახლებებში არსებული სკოლების უფროსკლასელთა გამოკითხვაში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. შედეგების გაანალიზების შემდეგ დაიგეგმა ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსწავლეებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგები მათთვის საყურადღებო საკითხებზე, მოისმინეს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კონფლიქტოლოგიის შესახებ.

საგრანტო პროექტი სამეცნიერო კომპონენტსაც მოიცავს. მოძიებული და გაანალიზებული მასალის საფუძველზე მომზადდა კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ დარგის სპეციალისტები და უცხოელი ექსპერტები; შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელო პრინციპები; მომზადდა სპეციალური ვიდეორგოლები.

პროექტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა დახმარების კლუბის თანამშრომლობით ახორციელებს.

საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად მიმდინარეობს.

საკონკურსო მოთხოვნები უცვლელია და განთავსებულია ბმულზე.