ცხელი ხაზი2 405 505

სისხლის სამართლის საქმეებში საერთაშორისო თანამშრომლობა - ტრანსფერი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის ნაწილში გულისხმობს იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ერთ ქვეყანაში მსჯავრდებული პირი შესაძლოა, გადაიყვანონ საკუთარ სამშობლოში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით. ამ პროცესის მიზანია, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მისთვის ნაცნობ გარემოში, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სამართლის აღსრულების სფეროში. აღნიშნული მექანიზმი ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ორმხრივ შეთანხმებებს და წარმოადგენს სამართლებრივი დახმარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

ხშირად დასმული კითხვები სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულ პირთა მოქალაქეობის ქვეყანაში გადაცემის თაობაზე

1. რასგულისხმობსსასჯელისშემდგომიმოხდისმიზნითმსჯავრდებულისგადაცემა?

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მისი მოქალაქეობის სახელმწიფოსთვის გადაცემა, რაც გულისხმობს საქართველოს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილის მსჯავრდებულის მოქალაქეობის ქვეყანაში მოხდას.

2. რა არის საქართველოში მსჯავრდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე პირთა მოქალაქეობის ქვეყანაში გადაცემის ძირითადი სამართლებრივი საფუძველი?

1983 წლის 21 მარტის ევროპის საბჭოს კონვენცია „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ და საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“წარმოადგენს საქართველოში მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოში გადაცემის სამართლებრივ საფუძველს. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის არ მოქმედებს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება.

3. ვინ ახორციელებს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურის კოორდინაციას?

მსჯავრდებულთა გადაცემისა საკითხებზე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას, აგრეთვე მსჯავრდებულთა გადაცემის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

4. რის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურასთან დაკავშირებული ეროვნული სამართალწარმოება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ?

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადაცემის საკითხებზე კანონით განსაზღვრული ცენტრალური ორგანო, საქმისწარმოებას იწყებს მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველის, ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან იმ სახელმწიფოს კომპეტენტური უწყების შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს მსჯავრდებულის მიერ განმცხადებლის მიმართ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. როგორია განაცხადის ფორმა, სად უნდა ჩაბარდეს განცხადება?

განცხადება უნდა დაიწეროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელზე, სადაც მითითებული იქნება მსჯავრდებულის შესახებ განცხადების წარმომდგენის ხელთარსებული ყველა ინფორმაცია. მაგ.: სასჯელის ვადები, დანაშაულის სახე, მსჯავრდებულის პირადი მონაცემები, ფაქტობრივი გარემოებები და სხვ.

განცხადების ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალშიმთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ შენობაში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №24ა); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე, ელექტრონული სერვისების პორტალ My.gov.ge-ს გამოყენებით.

6. რა გარემოების არსებობის შემთხვევაში ვერ განხორციელდება საქართველოში მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადმოყვანა?

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული პირის გადაცემა ვერ მოხდება თუ:

ა) იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული და რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის გადაცემას; ქმედება, რომლისთვისაც მსჯავრდებულია პირი, არ არის დანაშაული ან არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით;

ბ) განაცხადის მიღების მომენტისთვის პირის მიერ მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა 6 თვეზე ნაკლებია; გამონაკლის შემთხვევაში საქართველო და შესაბამისი უცხო სახელმწიფო შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია;

გ) არ არსებობს პირის თანხმობა გადაცემაზე;

დ) მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე;

ე) მსჯავრდებულის გადაცემა მიზანშეწონილი არ არის მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე;

ვ) თუ არ არსებობს საქართველოს სამართალდამცავი უწყებების (საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს უსაფრთხოების სამსახური) დადებითი პოზიციები მსჯავრდებულის გადაყვანის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

7. მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ განცხადება/შუამდგომლობა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, თუ:

ა) მსჯავრდებულის გადაცემა საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს;

ბ) საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები გადატვირთულია;

გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, თუ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის მიღწეული არ არის სხვაგვარი შეთანხმება;

დ) დაინტერესებულმა პირებმა უარი თქვეს მსჯავრდებულის გადაცემისათვის საჭირო ხარჯების გაღებაზე.

8. რა არის საქმისწარმოების ვადები?

ევროპის საბჭოს 1983 წლის 21 მარტის კონვენცია „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ და საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ არ განსაზღვრავს საქმისწარმოების ვადებს. შესაბამისად, იგი დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე.

ხშირად დასმული კითხვები სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა/საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემის თაობაზე

1. რას გულისხმობს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადმოცემა?

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ იქნენ უცხო სახელმწიფოში, უფლება აქვთ, მოითხოვონ სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანა, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდას საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში.

2. რა არის უცხო ქვეყანაში მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში ჩამოყვანის ძირითადი სამართლებრივი საფუძველი?

1983 წლის 21 მარტის ევროპის საბჭოს კონვენცია „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ და საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ წარმოადგენს უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოცემის სამართლებრივ საფუძველს. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის არ მოქმედებს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება.

3. ვინ ახორციელებს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურის კოორდინაციას?

მსჯავრდებულთა გადმოცემის საკითხებზე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას, აგრეთვე, მსჯავრდებულთა გადმოცემის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ცენტრალური ორგანო.

4. რის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში გადმოცემის პროცედურასთან დაკავშირებული ეროვნული სამართალწარმოება?

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადმოცემის საკითხებზე კანონით განსაზღვრული ცენტრალური ორგანო, საქმისწარმოებას იწყებს მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველის, ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს მსჯავრდებულის მიერ განმცხადებლის მიმართ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. როგორია განაცხადის ფორმა, სად უნდა ჩაბარდეს განცხადება?

განცხადება უნდა დაიწეროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სახელზე, სადაც მითითებული იქნება მსჯავრდებულის შესახებ განცხადების წარმომდგენის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, სასჯელის ვადები, დანაშაულის სახე, მსჯავრდებულის პირადი მონაცემები, ფაქტობრივი გარემოებები და სხვ.;

განცხადება შესაძლებელია, ჩაბარდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ შენობაში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №24ა), იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში საქართველოს მასშტაბით, ასევე, ელექტრონული სერვისების პორტალ My.gov.ge-ს გამოყენებით. გარდა ამისა, განცხადების წარდგენა შესაძლებელია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საზღვარგარეთ, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

6. რა წინაპირობები უნდა დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანისათვის, რათა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გასცეს დადებითი გადაწყვეტილება?

  • მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირი;
  • განაჩენის გამომტან სახელმწიფოში უნდა იყოს სამართალწარმოება დასრულებული (განაჩენი არ უნდა იყოს გასაჩივრებული;
  • უნდა იყოს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა;
  • საჭიროა საქართველოს სამართალდამცავი უწყებების (საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს უსაფრთხოების სამსახური) დადებითი პოზიციები მსჯავრდებულის ჩამოყვანის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;
  • უნდა იყოს განაჩენის გამომტან სახელმწიფოში ჩადენილი ქმედების კრიმინალიზაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში;
  • საჭიროა განაჩენის გამომტანი და განაჩენის აღმსრულებელი სახელმწიფოს თანხმობა;
  • მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

7. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) შესახებ განცხადება/შუამდგომლობა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, თუ:

ა) მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს;

ბ) საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები გადატვირთულია;

გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, თუ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის მიღწეული არ არის სხვაგვარი შეთანხმება;

დ) დაინტერესებულმა პირებმა უარი თქვეს მსჯავრდებულის გადაცემისათვის (გადმოცემისათვის) საჭირო ხარჯების გაღებაზე.

8. რა არის საქმისწარმოების ვადები?

1983 წლის 21 მარტის ევროპის საბჭოს კონვენცია „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ და საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ არ განსაზღვრავს საქმისწარმოების ვადებს. შესაბამისად, იგი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.

9. ვინ ფარავს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯებს?

საქართველოს კანონის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 45-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე.

10. აქვს თუ არა დაინტერესებულ მხარეს საქმის მსვლელობის შეწყვეტის უფლება?

დიახ, დაინტერესებულ მხარეს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია, მოითხოვოს საქმისწარმოების შეწყვეტა.

11. სასჯელის აღსრულების რა ფორმას იყენებს საქართველო?

უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს განსჯადობის დაცვით მსჯავრდებულის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო და ახდენს სასჯელის კონვერტაციას, რომელიც გულისხმობს უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული სასჯელის საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასთან მისადაგებას (კონვერტირება).

12. რა პირობებში მოხდება სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდა?

უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდა ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორშიც საქართველოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდა საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.