სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მონაწილეობის შედეგები შეაჯამა
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად. გარდა ამისა, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.
„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
სხვა სიახლეები
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში (GRETA) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 5 აგვისტოს № 1228 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი არის ევროპის საბჭოს სისტემაში მოქმედი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს; ამასთან, საქმიანობის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა არჩევნებში, რომელიც 2026 წლის 27 ნოემბერს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მხარეთა კომიტეტის 39-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100421?active=1
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
Geo
Eng