ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 18 ნოემბერი, 2025
გაზიარება

მე-6 ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

მე-6 ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა შეაჯამეს.

ფორუმის დასასრულს მხარრები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმასა და მიმართულებებზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს უწყებათაშორის სექტორულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით.

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას პარტნიორი სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ყოველწლიურად ღონისძიებას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობს. ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები განიხილავენ აქტუალურ საკითხებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. წლევანდელი ფორუმის თემატური სესიები დაეთმო ადამიანის უფლებების დაცვის, ციფრული სერვისების განვითარების, სამართლებრივ და იურიდიული მომსახურების სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლის, მედიაციისა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

ფორუმის ფარგლებში, სომხეთის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ; გაიმართა ორმხრივი შეხვედრა პაატა სალიასა და სრბუი გალიანს შორის.

სომხეთის დელეგაციამ მოინახულა, ასევე, თბილისის იუსტიციის სახლი და ქალთა №5 პენიტენციური დაწესებულება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.