ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს უმასპინძლა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში თურქეთთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეკომენდაციები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

ისაუბრეს თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე, რომლის განხორციელებითაც საქართველოს და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მათ შორის, აღინიშნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი − პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა.

მინისტრის თქმით, უწყებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისთვისაც არაერთი თემატური რეფორმა ტარდება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომების კიდევ მეტად განვითარებისთვის, რომლის პროცესშიც თანაბრად გათვალისწინებულია უცხოელი პატიმრების ინტერესები და საჭიროებები.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჩარჩოს (Framework for Effective Land Administration – FELA) შემდგომ განვითარებას, ასევე, ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჰაბის შექმნის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მიწის ადმინისტრირების სისტემების გაძლიერებას.

მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის საფუძველზე, საქართველომ გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს გაერო-ს ახლად შექმნილ მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ექსპერტთა ჯგუფს (Expert Group on Land Administration and Management – EG-LAM), რომელიც გლობალურ დონეზე მიწის ადმინისტრირების პოლიტიკის, ძირითადი მიდგომებისა და განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ჯგუფში საქართველოს ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, ქვეყნის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გამოყენებულ იქნეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და შემდგომი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში.

UN-GGIM-ის მე-16 სესიაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საერთაშორისო პროცესებში, ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს ექსპერტული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.