ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2023
გაზიარება

ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალი ქალაქ ზესტაფონისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში.

დღესვე ზესტაფონის რაიონში „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტიც ამოქმედდა, რომელიც რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებთ მომსახურებას საკუთარი სახლის კართან სთავაზობს.

ზესტაფონის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა. ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ფილიალი სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. მასში 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. ამასთან, აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში; 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება საგარეჯოს, მცხეთის, ტოლების, ზოტის, ცაიშის, ხელვაჩაურის, შროშის, საჩხერის იუსტიციის სახლები, ახალი ფილიალები აშენდება თბილისსა და ბათუმში.

2024 წლიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობასაც შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი მობილური ტელეფონით მიიღონ ყველა სერვისი.

ზესტაფონის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

პაატა სალიასა და ჯანლუკა ესპოზიტოს შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს ეფექტიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და კოლეგებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის მიმართულებით.

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალზე, რომელიც ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მისი პრევენციის საკითხებს ეხება.

პაატა სალიამ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ეფექტიანობა გავლენას ახდენს სამართლის უზენაესობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.