ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 28 დეკემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: ,, ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება არის უბრალოდ სირცხვილი“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებენ.

,,მე თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გარკვეული პერიოდით და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ ექიმს და ზოგადად სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს ექთნებს და ყველას ვინც მუშაობს ამ დაწესებულებაში იმიტომ, რომ ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებენ ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე“, _განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედპერსონალმა შესაძლოა რაიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს არის უბრალოდ სირცხვილი.

,,ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და სამედიცინო პერსონალმა შეიძლება მიიღოს იქ არასწორი გადაწყვეტილება არის უბრალოდ სირცხვილი. ყოველთვის უნდა ახსოვდეს მათ, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წელის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება და ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან და მე რომ ვიყო მათი ადვოკატების ადგილზე ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისთვის და ღვაწლისთვის, რომელიც გამოიჩინეს კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ. ეტყობა ეს არის მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები“, _განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით შეეძლება.

იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, პარლამენტის წევრმა პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.

ჭალის იუსტიციის სახლი სრულად ადგილობრივი საკადრო რესურსით დაკომპლექტდა. სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

იმერეთის რეგიონში ამჟამად იუსტიციის სახლის 28 ფილიალი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად საშუალოდ 600 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს; მაღალმთიანი და მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, იმერეთში სამი „მობილური იუსტიციის სახლი“ ოპერირებს და რეგიონის 74 სოფლის 10 000-მდე მცხოვრებს ემსახურება.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი აჭარაში, ხელვაჩაურშიც გაიხსნა, კიდევ ერთი ფილიალი კი, წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას შეემატება. იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს წალენჯიხაში.
იუსტიციის სახლის ფილიალები და „მობილური იუსტიციის სახლები“ ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 6 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი კი, 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.

ჭალის იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შორის შეხვედრა სტამბოლში OECD-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში შედგა. საუბარი შეეხო ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სფეროს ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა - მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, პენიტენციური სისტემის ეფექტური მართვა, აგრეთვე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს უწყების პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესება. საუბარი შეეხო, აგრეთვე, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.

პაატა სალიამ დამირ ჰაბიიანს ინფორმაცია მიაწოდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზების გზით.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.